Pages Menu
Facebook
Categories Menu

Posted on მარ 4, 2018 in დინასტია, ოჯახი, ისტორია, სიახლეები

პეტრე ბაგრატიონის ერთი პორტრეტის საიდუმლო

პეტრე ბაგრატიონის ერთი პორტრეტის საიდუმლო

ბონჰემის აუქციონზე 3 700 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა ფრანგი მხატვრის, ჯორჯ ანტუან კემანის მიერ შერულებული მედალიონი

 

სოფელ ღვანკითში მცხოვრებ იმერელი ბაგრატიონების ოჯახში შემორჩენილია ზეპირსიტყვიერი გადმოცემა, რომლის თანახმად, მათი წინაპარი, სვიმონ ბაგრატის ძე ბაგრატიონი პეტრე ბაგრატიონს გაჰყოლია ევროპაში ნაპოლეონის ომებში მონაწილეობის მისაღებად. ბაგრატის ბებია, იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის დედა როდამ დედოფალი ქართლის მეფე გიორგი XI-ის ასული იყო და შესაბამისად, პეტრეს შტოს ენათესავებოდა. სვიმონის და პეტრეს ნაცნობობა ბაგრატ ბატონიშვილის მეშვეობით შემდგარა, როდესაც პეტრე კავკასიაში მსახურობდა. ევროპაში პეტრე ბაგრატიონის გვარისგან განსასხვავებლად, სვიმონს ბაგრატიონ-.იმერეტინსკი შეარქვეს. ამ ვერსიის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, მაგრამ 2015 წელს მოხდა ერთი საყურადღებო ფაქტი: ინგლისში, ბონჰემის აუქციონზე 3 700 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა ფრანგი მხატვრის, ჯორჯ ანტუან კემანის მიერ 1806 წლის 30 ივლისს, ლონდონში შერულებული მედალიონი პეტრე ბაგრატიონის გამოსახულებით, რომელიც შეცდომით სვიმონის პორტრეტად დასახელდა. იმავე 1806 წელს არის შესრულებული მარშალ უვაროვის პორტრეტი, რომელიც ისეთივე ჩარჩოში ზის და იმავე აუქციონზე გაიყიდა. აუქციონის თანამშრომლებს მივმართეთ შეკითხვით, თუ რა გზით მოხდა ამ ორი პიროვნების იდენტიფიკაცია. აღმოჩნდა, რომ ორივე პორტრეტის ჩარჩოს უკანა მხარეზე არის გაკეთებული მათი ვინაობის აღმნიშვნელი შესაბამისი წარწერები: ერთს მარშალი უვაროვი აწერია, ხოლო მეორეს Prince Simon Bagratis Dze Bagration-Imeretinsky (b.1771). აუქციონის თანამშრომელი ჯენიფერ ტონკინი (Jennifer Tonkin) ვერ ადასტურებს, რომ ბატონიშვილი სიმონ ბაგრატის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის სახელი პორტრეტს იმავე 1806 წელს დაეწერა, მაგრამ მისი აზრით, ხელნაწერი XIX საუკუნის უნდა იყოს *(The handwritten labels to the reverse of each identified the sitters and appeared to have considerable age but may not have been contemporary with the dates of the miniatures. They looked 19th century to my eye, given the style of script and the brown discolouration to the paper which had become very brittle). გაურკვეველია, თუ იმ დროს ინგლისში ვინ იცოდა სიმონ ბაგრატიონის სახელი, თუ ის იმერეთს არ გასცილებია? ასევე საინტერესოა გვარის საკითხი. 1806 წელს გვარი ბაგრატიონ-იმერეტინსკი ოფიციალურად ჯერ არავის ჰქონია დამტკიცებული. სვიმონი 1800-იან წლებში დაიღუპა. ეს გვარი რუსეთის იმპერატორმა მხოლოდ 1837 წელს დაუკანონა სოლომონ I-ის შთამომავლებს. სიმონი კი სოლომონის ძმის შვილი იყო. კონსტანტინე ბატონიშვილის შვილი ნიკოლოზ იმერეტინსკი თავის გამოუქვეყნებელ ნაშრომში „Багратиды в России“ წერს, რომ იმპერატორის საგანგებო ბრძანებულებით დადგინდა: „ქართველი და იმერელი ბატონიშვილების ვაჟები უნდა იწოდებოდნენ თავად გრუზინსკებად და იმერეტინსკებად“. მას შემდეგ ისინი ამგვარად იწოდებოდნენ „ბაგრატიონის“ მიმატების გარეშე. იმპერატორი ნიკოლოზ I პირადად იცნობდა იმერელ ძმებს, გამორჩეულ სამხედრო პირებს – ალექსანდრეს და დიმიტრის (გიორგი „ბუშის“ შვილებს), მეფე სოლომონ I-ის შთამომავლებს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მან ხსენებულ ძმებს უთხრა: „თქვენი გვარიდან იყო ცნობილი ცნობილი სარდალი, თავადი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი. მე მსურს, რომ თქვენ ატაროთ ეს დიდებული გვარი და მიმაჩნია, რომ თქვენ ამას იმსახურებთ…“ როგორც ვხედავთ, ამ გვარის დაკანონების მიზეზი პეტრე ბაგრატიონს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ის ბაგრატიონთა სხვა შტოს წარმომადგენელი იყო, კერძოდ – მუხრანული. ისმის კითხვა, პეტრე ბაგრატიონთან ერთად, ამ მოვლენის ნამდვილი მიზეზი ხომ არ არის დაკავშირებული მის თანამებრძოლ იმერელ ბაგრატიონთან, რომელიც ნაპოლეონთან ბრძოლებს შეეწირა და ვისი უახლოესი ნათესავებიც იყვნენ ძმები ალექსანდრე და დიმიტრი? ამ კითხვაზე პასუხს ვეღარ გავიგებთ, რადგან ნიკოლოზ იმერეტინსკი თავის ნაშრომში გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ მეფე სოლომონ I-ს ჰყავდა ძმა, ბაგრატ ბატონიშვილი და შესაბამისად არც ბაგრატის შვილებს ახსენებს. ეს გასაგებია, ვინაიდან ბაგრატის შვილები, როგორც მეფე ალექსანდრე V-ის შთამომავლები, დინასტიურად უფრო ახლოს იდგნენ ტახტთან, ვიდრე იმერეტინსკები, რომლებიც ალექსანდრე მეფის უმცროსი ნახევარძმის შთამომავლები იყვნენ. ამდენად, სვიმონ ბაგრატიონის ევროპაში დაღუპვის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან მისი და მხატვარ ანტუან კემანის შეხვედრის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიებამდე არაფრის მტკიცება არ შეიძლება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: XIX საუკუნეში ევროპაში გაჟღერდა ბატონიშვილი სვიმონ ბაგრატის სახელი! ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას და გთავაზობთ აუქციონის კატალოგის ჩანაწერს: „GEORGES ANTOINE KEMAN (FRENCH, 1765-1830). A portrait miniature of Prince Simon Bagratis Dze Bagration-Imeretinsky (b.1771), wearing green coat with orange standing collar, black waistcoat and stock, red sash and various medalshis natural hair powdered. Watercolour on ivory, signed on the reverse and dated, Geo. Anthony Keman/ London 30th July 1806, gilt-mounted on rectangular papier-mâché frame.
Oval, 83mm (3 1/4in) high“.

მანანა ხომერიკი, ისტ. მეცნ. დოქტორი;
„იმერეთის მეფეთა შთამომავალთა საზოგადოების“ აღმასრულებელი მდივანი

Manana Khomeriki – facebook-ის გვერდიდან